Array
(
[text] =>
არ ვიცი გათიშული რამდენ ხანს ვიყავი, მაგრამ როცა თვალები გავახილე და ჩემ გვერდით კვლავ ეიდენს მოვკარი თვალი, მანქანაში შევხტი. რატომღაც მეგონა ჩემს ოთახში გავახელდი თვალებს, რადგან მომენტებში მავიწყდებოდა, რომ დიდი ალბათობით მალე ვერ დავბრუნდებოდი სახლში.
– ჩემი ესე გეშინია? – ეიდენმა გამომხედა და გამიღიმა. თითქოს ეხლა უფრო დამშვიდებული იყო.
– რომელი საათია? – ხელებით თვალები მოვისრისე და გამოფხიზლებას ვცდილობდი.
– 5 ის ნახევარი.
– რამდენ ხანს მეძინა? – ღრმად ამოვისუნთქე და ვკითხე.
– არ გეძინა, გული წაგივიდა. – ისე მშვიდად და მარტივად წარმოთქვა ეს სიტყვები, მივხვდი დიდად არ ადარდებდა ჩემი მდგომარეობა.
– წყალი მინდა. – ფანჯრიდან გავიხედე და ისე ვუთხარი.
– ეხლა ერთ ადგილას მივალთ, ცოტას დაისვენებ, შეჭამ და მერე გავაგრძელებთ გზას.
– დემიენი.. დემინს ველაპარაკე? – მომენტალურად მას გავხედე და ნერვიულობამ შემომიტია, როცა დემიენი გამახსენდა. წარმოდგენაც არ მინდოდა რა რეაქცია ექნებოდა მას არსებულ სიტუაციაზე.
– როცა გაითიშე ჩემ თავზე ავიღე ეგ მოვალეობა. – მითხრა და ნელნელა სიჩქარე შეანელა, როცა პატარა შენობა გამოჩნდა უკაცრიელ გზაზე.
– მერე?
– მალე ნაითვილში იქნება. სანამ ვიდეოთვალით შენი თავი არ დავანახე არ დამიჯერა, მერე კი ცოტახნიანი საუბარი გამიბა და თუ გაინტერესებს რა სიტყვებით შემაგინა, არ არის პრობლემა მოგიყვები. – გამომხედა, ჩაეცინა და თავისი წვრილი შავი თვალები მომაპყრო. მეც გამეცინა, ორი წუთი მთელ ხმაზე ვიცინოდი, ეიდენი კი გაკვირვებული სახით მიყურებდა და როცა სიცილი ტირილში გადამივიდა მივხვდი, რომ შოკის ბრალი იყო.
ჩემ შემხედვარე ეიდენს სახის გამომეტყველება შეეცვალა და სევდიანი თვალები მომაპყრო. მერე ისევ გზას გახედა და მოულოდნელად მითხრა :
– თუ ამას ოდესმე შეძლებ… მინდა, რომ მაპატიო.. ჩემი ბრალია. – საჭეს ხელები მოუჭირა და მას შემდეგ თვალებში აღარ შემოუხედავს.
როცა პატარა შენობას მივუახლოვდით, ეიდენმა მანქანა ოდნავ მოშორებით გააჩერა და იქვე პატარა აბრას მოვკარი თვალი, რომელიც გვამცნობდა რომ საიდვილამდე 30 კილომეტრი იყო დარჩენილი, ეს პატარა შენობა კი უბრალო სასტუმრო გახლდათ, რომელშიც სავარაუდოდ დავრჩებოდით.
მანქანიდან გადმოვედი და წონასწორობა ძლივს შევინარჩუნე. თავი მისკდებოდა და შიმშილის საშინელი გრძნობა მაწუხებდა. ჯიბეში ტელეფონს დავუწყე ძებნა, მაგრამ მალე გამახსენდა რომ ჩემი მობილური ეიდენს ჰქონდა.
ჩემ უსაფრთხოებაზე მეტად ეხლა დედაჩემზე ვნერვიულობდი, წარმოდგენაც არ მინდოდა რა რეაქცია ექნებოდა მას, როცა რამდენიმე საათში აღმოაჩენდა, რომ სახლში არ დავხვდი. რაილის დაახლოებით ავუხსნიდი სიტუაციას, მაგრამ ახლობლების პანიკა და ნერვიულობა ეხლა ნამდვილად არ მაწყობდა. დროებით ეს ფიქრები თავიდან ამოვიგდე და როცა შენობაში შევედი უფრო დავმშვიდდი და აქ ყოფნა მესიამოვნა.
სასტუმრო ძალიან უბრალო იყო, მაგრამ თავშესაფრად ესეც გამოდგებოდა. ეიდენმა ნომერი დაჯავშნა ბოლო მე5 სართულზე და ბედნიერების გრძნობა დამეუფლა, როცა გავიგე რომ ჯერ სასადილოში საჭმელად გადავინაცვლებდით.
ეიდენს კუდში დავყვებოდი და როცა საპირფარეშოს მოვკარი თვალი, ვთხოვე შეკვეთა უჩემოდ მიეცა და მეც მალე შევუერთდებოდი. ამის მიუხედავად ეიდენმა მარტო არ დამტოვა და მითხრა, რომ საპირფარეშოს კარებთან დამელოდებოდა. არ ვიცი რა განაპირობებდა მის ასეთ სიფრთხილეს, მაგრამ, ცხადია, უსიტყვოდ დავთანხმდი.
ცოტახანში უბრალო, მაგრამ გემრიელი საჭმელებით სავსე მაგიდას დავყურებდი და ღიმილი ყურებამდე ამდიოდა, როცა დიდ ლუკმებს პირში ვიდებდი. ეიდენი მიყურებდა, მაკვირდებოდა და ეღიმებოდა. თვითონ არაფერს ჭამდა და როცა ვუთხარი, რომ საკვები აუცილებელი იყო ესეთ დაძაბულ სიტუაციაში, დამთანხმდა და რამდენიმე ლუკმა ძალით გადაყლაპა. მეთვითონაც არ ვიცი რატომ ვგრძნობდი თავს ესე კომფორტულად იმ ადამიანთან ერთად, რომელმაც დღის პირველ ნახევარში გამიტაცა, ადამიანთან, რომელიც დემიენის საძულველ წარსულს უკავშირდებოდა და რომელსაც თითქმის საერთოდ არ ვიცნობდი. ერთადერთ მიზეზად მხოლოდ ის შემიძლია დავასახელო, რომ სწორედ ეიდენმა მიხსნა ყველაზე მძიმე და საშინელი სიტუაციიდან.. ჩემს პირველ ამოცანას კი სწორედ ეს წარმოადგენდა- უნდა გამერკვია დეტალებში რა, როგორ და საერთოდ რატომ მოხდა.
– ლუდს არ დალევ? – დუმილი ეიდენმა დაარღვია.
– არა, იყოს..
– დამიჯერე, უკეთესად გახდები.- თვითონ ბოთლი მოიყუდა და გემრიელად დალია რამდენიმე ყლუპი.
– კარგი, ცოტას დავლევ.. – მეც დავთანხმდი და გემრიელი ლუდის დალევის შემდეგ მივხვდი, რომ გაცილებით უკეთ ვგრძნობდი თავს.
– უნდა მომიყვე. – უცბად ვუთხარი.
– რა?
– ყველაფერი. – თვალებში შევხედე, თვითონ კი ჩუმად მაკვირდებოდა და რამდენიმე წამის შემდეგ დამთანხმდა.
– კარგი, ოღონდ არ ვიცი საიდან დავიწყო..
– რატომ გაბოროტდი და მერე რატომ გადამარჩინე ეგ მაინტერესებს ყველაზე მეტად. – გავუღიმე და ვცდილობდი სიტუაციის შემსუბუქებას.
– ქეროლაინ, – ღრმად ამოისუნთქა და თავისი ღრმა შავი თვალებით შემომხედა. – რამდენიმე საათში ნაითვილში დემიენი ჩამოვა და ცოტა დააწყნარებს არსებულ სიტუაციას, მერე საიდვილში ჩამოგაკითხავს და მალე ისევ დაუბრუნდები შენს მშვიდ და ნორმალურ ცხოვრებას.. მე კი გულახდილად გითხრა არ ვიცი რა ბედი მელის.. დემიენს კიდევ ასმაგად უფრო ვეზიზღები და ამაში არც ვამტუნებ… ჩემი ბრალია… ყველაფერი. – უკანასკნელი სიტყვები ხმაგაბზარულმა წარმოთქვა, მე კი არ ვიცი რატომ, მაგრამ გული მტკიოდა, როცა ვხვდებოდი, რომ ეიდენი თავის საქციელს ნანობდა.
– გაპატიე.
– რა? – წარბები შეჭმუხნა და ვერ მიხვდა რა ვუთხარი.
– შენ მითხარი თუ ოდესმე ამას შეძლებ მაპატიეო, მე კიდევ ვფიქრობ, რომ უკვე შევძელი. – გავუღიმე და შევამჩნიე მისი სევდიანი გამომეტყველება როგორ შეცვალა მადლიერმა ღიმილმა.
– გახსოვს როგორ გავიცანით ერთმანეთი? – ჩაეცინა.
– კი, მახსოვს..
– იმ დღეს.. ძალიან მომეწონე ქეროლაინ, – ამ დროს მზერა ამარიდა და თავის ლუდის ბოთლს დახედა, – არ ვიცოდი შენ შესახებ არაფერი, მაგრამ როცა გარეთ სასეირნოდ გამოვედით მივხვდი, რომ შენში იყო რაღაც ისეთი, რითიც ყველას თავს შეაყვარებდი. მერე, როცა ბიჭები მოვიდნენ ალბათ, გახსოვს როგორ დავმალე შენი ნამდვილი სახელი, ვიცოდი წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი ალბათობით კიდევ გადაეყრებოდი მათ, რაც ძალიან არ მინდოდა და ერთი წამითაც არ მიფიქრია შენი გახვევა ამ ბინძურ საქმეებში. იმ საღამოს ბიჭებმა დაიჯერეს, რომ მარია იყავი, რომელიც კარგად იყო ჩახედული იმ საქმეში, რასაც ნარკოტიკებით ვაჭრობა ჰქვია, შესაბამისად შენთვის არ იქნებოდა უცხო ის დიალოგი, რაც ჩვენ შორის გაიმართა.
მეგონა ყველანაირად აგაცილე მოსალოდნელი გაუგებრობები, მაგრამ იმ საღამოს გავიგე… – ღრმად ამოისუნთქა და უჭირდა შემდეგი სიტყვების წარმოთქმა. – გავიგე, რომ შენ დემიენთან ერთად იყავი.. დემიენთან ისედაც ბევრი გაუგებრობა მოხდა ბოლო პერიოდში. პირდაპირ გეტვი ზედმეტი შემოვლების გარეშე. დემიენის კლუბში ბიჭებს შეჰქონდათ გარკვეული ტაბლეტები და ამის სანაცვლოდ ისინი დემიენისგან კარგ ფულს იღებდნენ, მაგრამ გაურკვეველი მიზეზის გამო დემიენმა ამ საქმიდან გასვლა ისურვა და ბიჭებს უარი შემოუთვალა. ამ პერიოდში ჩემთანაც აღარ ჰქონდა კარგი ურთიერთობა, მაგრამ ამის მიუხედავად ვცდილობდი სტაბილურობის შენარჩუნებას. არ მინდოდა სერიოზული დაპირისპირება წარმოქმნილიყო ჩვენ შორის, რადგან კარგად ვიცოდი რაზე იყო წამსვლელი დემიენი თუ ზედმეტად შეაწუხებდნენ მას.
იმ საღამოს, როცა შენ კლუბში შებრუნდი, რამდენიმე წამში დემიენი გამოვარდა და ისე, რომ სიტყვაც არ უთქვამს ჩემთვის, სახეში მაგრად დამარტყა და მერე არ არის ძნელი გამოსაცნობი, რომ ჩხუბი დავიწყეთ. ბიჭები მალე გაეცალნენ იქაურობას, რადგან ეს დემიენის ტერიტორია იყო და აქ დიდ ძალას ისინი არ ფლობდნენ. სწორედ მაშინ გავიგე შენი და დემიენის ურთიერთობის შესახებ და იმის მაგივრად, რომ ბოდიში მომეხადა დემიენისთვის, გავმწარდი და ბიჭებთან ერთად მასთან დაპირისპირებას ჩავუდექი სათავეში.
იმ საღამოსვე ბიჭებთან გავამხილე, რომ დემიენისთვის მნიშვნელოვან ადამიანს სწორედ შენ წარმოადგენდი, რომ სინამდვილეში შენი სახელი ქეროლაინი იყო და რომ შენი სახით ყველაზე უკეთ შევძლებდით დემიენით მანიპულირებას. იმ დღესვე ვინანე ჩემი გადაწყვეტილება, როცა კაფეში დაგინახე, ესეთი ლამაზი, ლაღი და ბედნიერი.. ვნანობდი იმ სიტყვებს რაც უკვე ნათქვამი მქონდა და იმას, რომ მარიონეტად სწორედ შენ უნდა გამომეყენებინე, მაგრამ ვიცოდი ერთადერთი გამოსავალი ის იყო, რომ ეს საქმე სხვებისთვის არ გადამებარებინა და თავი ისე დამეჭირა თითქოს მზად ვიყავი დემიენისთვის შენი სახით ძლიერი დარტყმა მიმეყენებინა.
ბიჭებმა იცოდნენ, რომ შენთან კონტაქტზე გამოსვლას ყველაზე უკეთ მე შევძლებდი, ამიტომ მოვიმიზეზე პიჯაკის დაბრუნება და შენთან ერთად გასეირნება. დემიენმა ჩვენი შეხვედრის შესახებ ჩემგან გაიგო, როცა „Underground” – თან კვლავ შევხვდით ერთმანეთს. იმ დღეს დემიენმა თავისი პირობა დაარღვია და ტაბლეტები მაინც იყიდა ბიჭებისგან, ეს საქციელი კი იმის დამადასტურებელი იყო, რომ დემიენი ყველაფერზე წავიდოდა ოღონდ შენთან კონტაქტი შემეწყვიტა.
ცხადია, ყველანი კმაყოფილები დავრჩით და შენდამი ინტერესი ბანდის მხრიდან კიდევ უფრო გაიზარდა, როცა მიხვდნენ თუ რამდენად მნიშვნელოვანი ადამიანი იყავი მისთვის და თუ კიდევ რამდენად მეტი ფულის გამოძალვას შეძლებდნენ შენი სახით. ამის შემდეგ კი მოხდა ის, რაც მოხდა… ბიჭები დარწმუნებულები იყვნენ, რომ ყველაზე მეტად მე მინდოდა დემიენის დაშინება და აზრადაც არ მოსვლიათ ის ფაქტი, რომ მე ბოლომდე ვერ გაგიმეტებდი.
– როცა იმ ბნელ ოთახში გავიღვიძე… მარტო მე და შენ ვიყავით, მაგრამ ისე მელაპარაკებოდი… – ამდენი ხნის დუმილის შემდეგ მხოლოდ ამ კითხვის დასმა მოვახერხე, ვერ ვიჯერებდი იმას, რასაც ეიდენი მიყვებოდა და განსაკუთრებით მაინტერესებდა რა იყო ის მიზეზი, რის გამოც დემიენსა და ეიდენს შორის თავის დროზე კონფლიქტი წარმოიშვა.
– ვიცი და ეგრე იმიტომ გელაპარაკებოდი, რომ შენი შეშინება მინდოდა. ცხადია, როცა ანერვიულებულს და ნამტირალებს დაგინახავდნენ ჩემი გეგმა უფრო მარტივად შესრულდებოდა. როცა ბიჭები ოთახში შემოვიდნენ და განადგურებული დაგინახეს, რა საკვირველია, რომ არანაირი ეჭვი არ გაუჩნდებოდათ და მე და შენ უპრობლემოდ დაგვტოვებდნენ მარტო..
– რატომ მოიქეცი ესე? შენ ხომ საერთოდ არ მიცნობ?
– მეც არ ვიცი რატომ მოვიქეცი ესე საშინლად…
– არა, მაგას არ ვგულისხმობ.. იმას გეკითხები, თუ რატომ გადაწყვიტე ჩემი გათავისუფლება. – ეიდენისთვის ეს კითხვა მოულოდნელი იყო. მისი აზრით, მე ის უფრო უნდა გამკვირვებოდა, თუ რატომ გამიტაცა, სინამდვილეში კი მე მისი კეთილშობილების გამოვლენა უფრო მაკვირვებდა.
– მეც მინდა ვიცოდე მაგის მიზეზი, ქეროლაინ. ალბათ, ესე იმიტომ მოვიქეცი, რომ ჩემი წინათგრძნობა გამართლდა და იმაზე კარგი ადამიანი აღმოჩნდი, ვიდრე წარმოვიდგენდი. შენ თავს შეხედე, ესეთ სიტუაციაში მე ჩაგაგდე, სიკვდილს ჩაგახედე თვალებში, შეგაშინე და იმის მაგივრად, რომ მეჩხუბო, მადლიერი ხარ. – ეს სიტყვები მითხრა და ღრმად ამოისუნთქა.
– რატომ…რატომ აღარ გაქვთ კარგი ურთიერთობა შენ და დემიენს? – ძლივს დავსვი ის კითხვა, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში მაწუხებდა და ეიდენის სახის გამომეტყველების დანახვამ, მიმახვედრა, რომ წინ კიდევ საინტერესო ამბები იყო მოსასმენი.
ესეც ახალი თავი <3 იმედია, რომ მოგეწონებათ და გაგრძელება დაგაინტერესებთ 🙂 არ დაგავიწყდეთ Vote & Comment <3
[text_hash] => d0822e6b
)