Array
(
[text] =>
თვალების გახელამდე ჯერ კიდევ არ მქონდა ყველაფერი გააზრებული, მაგრამ დანამდვილებით ვიცოდი, რომ იმ დღეს პირველად ჩავხედე სიკვდილს თვალებში. ზუსტად ვერ აღვწერ რა გრძნობა დამეუფლა, როცა გონზე მოვედი და რეალობას თვალები გავუსწორე, მაგრამ ერთადერთი რამ რაზეც მთელი არსებით ვოცნებობდი, ამ ადგილიდან თავის დაღწევა იყო. ადამიანს ბევრი რამის ეშინია და ერთი შეხედვით ეს შეგრძნება ყოველ ჯერზე ერთმანეთის მსგავსად ეუფლება მას. შიში ბუნებრივი რეაქცია და ინსტინქტია თავდასაცავად. ამ დროს ადამიანს გულის ცემა განსაკუთრებით უხშირდება, ხელები ეყინება, პირი უშრება, სუნთქვა უჭირს და იმ მომენტში ამ საშინელი გრძნობების გასაქრობად ვერაფერს აკეთებს. გათვიცნობიერებული და გააზრებული შიში კი, ალბათ, ყველაზე საშინელია.
თვალების გახელიდან რამდენიმე წამში მე სწორედ ეს გრძნობა დამეუფლა. კარგად გავიაზრე, რომ ამ მდგომარეობიდან და ზოგადად ამ ადგილიდან ვერავინ და ვერაფერი ვერ მიხსნიდა. გავიაზრე, რომ თავდასაცავად არაფრის გაკეთება არ შემეძლო და რომ ჩემს ერთადერთ გამოსავალს ბედთან დამორჩილება წარმოადგენდა. მებრძოლი არასდროს ვყოფილვარ და ჩემს ყველაზე დიდ მინუსად სწორედ ამ თვისების არარსებობას მივიჩნევდი. ხშირ შემთხვევაში არ შემეძლო წინააღმდეგობის გაწევა, განსაკუთრებით კი ეხლა, როცა ხელებით და ფეხებით სკამზე ვიყავი დაბმული, პირზე კი სკოჩი მქონდა აკრული, რომელიც წესიერად სუნთქვის საშუალებასაც კი არ მაძლევდა.
დიახ, სწორედ გაიგეთ.. თვალები გავახილე თუ არა მივხვდი, რომ მოძრაობის უნარი მე კი არ მქონდა წართმეული, არამედ ამის საშუალებას თოკით დაბმული კიდურები არ მაძლევდა.
თავიდან სიბნელის გარდა ვერაფერს ვხედავდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველაფერი მესიზმრებოდა, რომ რამდენიმე წამში ჩემს თბილ საწოლში გავიღვიძებდი და ნახევრად მძინარე, კარადაში იმ კაბის ქექვას დავიწყებდი, რომელსაც საღამოს რაილისთან ერთად სადმე გასართობად წასვლისას ჩავიცმევდი. ცხადია, ყველანაირი იმედი გამიცრუვდა, როცა ხელები სკამის ზურგს რამდენიმე სანტიმეტრითაც კი ვერ მოვაშორე.
პანიკამ მომიცვა. მეგონა, ესეთი რაღაცები მხოლოდ ფილმებში ხდებოდა. ჩემი ცხოვრება აქამდე იმდენად სტაბილური და მშვიდი იყო, ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ ოდესმე ბიჭების დაჯგუფება გაურკვეველი მიზეზის გამო სადმე გამიტაცებდა. როგორც ჩანს, ცხოვრება მოულოდნელობებითაა აღსავსე, ჩემს ცხოვრებაში დემიენის გამოჩენამ კი კიდევ უფრო დამარწმუნა ამაში.
ბნელ ოთახში სრულიად მარტო ვიყავი და მხოლოდ პატარა სარკმელიდან ახერხებდნენ მზის სხივები შემოღწევას. ვიცოდი ჩემი ყველა მცდელობა ამაო იქნებოდა, მაგრამ მაინც ვიმედოვნებდი, რომ რაიმე ზებუნებრივი ძალის დახმარებით თავს გავითავისუფლებდი მოუხერხებელი სკამიდან და ამის შემდეგ საშიში ბნელი ოთახიდანაც როგორმე დავაღწევდი თავს. ბევრი წვალების მიუხედავად არაფერი გამომივიდა… მეშინოდა და თავს ყველაზე უსუსურ არსებად მივიჩნევდი. ცრემლებმა დაუკითხავად დატოვეს ჩემი თვალები და სანამ გული წამივიდოდა და ნერვიულობისგან სამყაროს მეორეჯერ გამოვეთიშებოდი, ამ დროს ოთახის რკინის კარები ვიღაცამ ფრთხილად შემოაღო. აცრემლებული თვალები მოვჭუტე და ვცდილობდი უფრო მკაფიოდ დამენახა ჩემკენ მომავალი ადამიანის სილუეტი. ხმის ამოღება არ შემეძლო, ან რომც მქონოდა ამის საშუალება გულახდილად რომ გითხრათ არ ვიცი რას ვეტყოდი ან რას ვკითხავდი უცნობ ადამიანს, რომელიც უკვე რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით იდგა ჩემ წინ.
– რომ მოგხსნა არ იყვირებ? – ხმა ამოიღო თუ არა მივხვდი, რომ ეიდენი მესაუბრებოდა.
თავი გავაქნიე და ყველანაირად ვცდილობდი სიმშვიდის შენარჩუნებას. ამ დროს ეიდენმა სახე ახლოს მომიტანა და სანამ ლაპარაკის უფლებას მომცემდა თვალებიდან ცრემლები მომწმინდა. თავი ინსტიქტურად უკან გავწიე და გათავისუფლებაზე მეტად მინდოდა სახეში ხელი გამერტყა. ეიდენს გაეღიმა, ბოროტი თვალებით მიყურებდა და თითქოს სიამოვნებდა ის ფაქტი, რომ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა არ შემეძლო.
– ნუ გეშინია. დამიჯერე გაგიმართლა, რომ ეხლა მე ვარ შენ გვერდით. – მითხრა და პირზე წებოვანი ლენტი მომაძრო. მომენტალურად თვალები დავხუჭე და ოდნავ ტუჩები მეტკინა.
– ესეიგი მადლობა უნდა გითხრა, რომ ცოცხალი ვარ? – ვუპასუხე და მეთვითონაც გამიკვირდა ჩემი თავდაჯერებულობა. პირველ წესად ის ვაქციე, რომ სხვისთვის არ მეჩვენებინა ჩემი სისუსტე. მართალია ჩემი ცრემლები სხვა რაღაცაზე მეტყველებდნენ, მაგრამ ის ფაქტი, რომ საერთოდ ხმის ამოღება შევძელი, უკვე ბევრს ნიშნავდა ჩემთვის.
– დაახლოებით. – თქვა და ოთახში პატარა ნათურა აანთო, რომლის არსებობაც მხოლოდ ეხლა შევნიშნე. სიბნელე სინათლემ ჩაანაცვლა და უკვე უკეთესად შემეძლო მისი სახის დანახვა.
– რა გინდათ ჩემგან? – ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და ძალებს ვიკრებდი, რომ ისევ ცრემლებად არ დავღვრილიყავი მის წინ.
– ეცადე შენ გამოიცნო. – ისევ გამიღიმა და ეს კიდევ უფრო მაშინებდა. მთელ ტანში დამბურძგლა და გულის რევის შეგრძნება დამეუფლა.
– აარ…არ ვიცი, მაგრამ მალე პოლიცია დაიწყებს ჩემ ძებნას და ჯობია…
– ჯერ მხოლოდ ორი საათი გავიდა რაც გარეთ გამოხვედი, არამგონია ვინმემ ძებნა დაგიწყოს.- მშვიდი ტონით წარმოთქვა ეს სიტყვები და განაგრძო – თან შენმა მეგობარმა, რაილიმ, იცის, რომ დღეს სხვა გეგმები გამოგიჩნდა და მის ნახვას აღარ აპირებ.
– უბრალოდ მითხარი, რა გინდა ჩემგან.- ცრემლები ვეღარ შევიკავე და ვგრძნობდი ძალა როგორ მეცლებოდა.
– შენგან ძალიან მარტივი რაღაც გვინდა და თუ შეასრულებ მალე სახლში მშვიდობიანად დაგაბრუნებთ. – მითხრა და ოთახის კუთხიდან სკამი მოიტანა რომელიც ზუსტად ჩემ პირდაპირ დადგა და მასზე ჩამოჯდა.
– დემიენი თუ ამას გაიგებს… – მისი შეშინება მინდოდა, მაგრამ წინადადება გამაწყვეტინა.
– მომკლავს? – სახე ახლოს მოიტანა და ჩაეცინა, – კი ქეროლაინ, გეთანხმები, შეიძლება მომკლას. ერთხელ ეს მას არ გაუჭირდა და არამგონია მეორედაც ვერ შეძლოს. ალბათ, იცი რასაც ვგულისხმობ. – ბოლო სიტყვები ჩუმად წარმოთქვა და მთელ სხეულში დამბურძგლა. ძალიან კარგად ვიცოდი რასაც გულისხმობდა.
– შენ, შენნ საიდან..
– საიდან ვიცი? – მზერა ამჯერად ჩემს თვალებზე გადმოიტანა.
პასუხის გაცემა არ დამაცადა ისე განაგრძო:
– მე ძალიან ბევრი რამე ვიცი ქეროლაინ, იმაზე მეტი ვიდრე შენ წარმოგიდგენია. ამიტომ ყველაფერი კარგად მაქვს გათვლილი, ყოველგვარი ხარვეზის გარეშე.
– მე რაში გჭირდებით? – ძლივს წარმოვთქვი ეს სიტყვები და თან ვცდილობდი როგორმე ხელების გათავისუფლებას.
– ნწ,ნწ,ნწ… – თავი გააქნია და ისევ ეშმაკურად ჩაეცინა. – ტყუილად ცდილობ, ჩემ გარეშე აქედან მაინც ვერ დააღწევ თავს.
– რატომ მე? – აცრემლებული თვალებით ვკითხე, იმედი მქონდა ოდნავ მაინც შევეცოდებოდი და გამიშვებდა. მაგრამ ის იყო პასუხი უნდა გაეცა, როცა მოულოდნელად კარები უცხო ადამიანებმა შემოაღეს.
სამი ახოვანი მამაკაცი მომიახლოვდა, სამივეს შავ ფერებში ეცვა და შეიარაღებულნი იყვნენ. გულის ცემა ისევ გამიხშირდა, ვერაფერს ვხვდებოდი და ვაღიარებ, მიუხედავად ეიდენის საქციელისა, მასთან ურთიერთობა იმდენად არ მაშინებდა, როგორც ამ სამი უცხო მამაკაცის დანახვა.
– როგორც ჩანს ბევრი მეგობარი არ გყავს, ამდენი ხნის განმავლობაში არავის რომ არ გაახსენდი. – წითურთმიანმა ბიჭმა მომმართა, მე კი მზერა ავარიდე.. ცოტაც და გული წამივიდოდა.
– ძალიან შეშინებული ჩანს, მაგრამ მემგონი ეიდენს ჯერ არ უთქვამს მისთვის. – შავგვრემანმა ეიდენს მიმართა და თან ხელში იარაღი აათამაშა.
– მოკლედ შენთან ესეთი დავალება გვაქვს. თუ გინდა, რომ სახლში მშვიდობით დაბრუნდე მხოლოდ ერთ ნომერზე დარეკვა და რაღაცის თხოვნა მოგიწევს, ხო გასაგებია? – ეიდენმა მშვიდი ტონით მითხრა, მე კი უბრალოდ თავი დავუქნიე. იმდენად შეშინებული ვიყავი სხვა გზა არც მქონდა.
– მოდი ჯერ ცოტა გავერთოთ. ნახე რა ლამაზია. – წითურთმიანი ბიჭი მომიახლოვდა და თმა ყურზე გადამიწია, თვალები შიშისგან დავხუჭე და ცრემლები ისევ ვერ შევიკავე.
– არ არის საჭირო. -მოულოდნელად ეიდენი სკამიდან წამოდგა და წითურთმიან ბიჭს ჩემი სახიდან ხელი მოაშორებინა.
– ჰეი, ჰეი დამშვიდდი. ვიფიქრე ცოტას გავერთობოდით. – წითურმა ბიჭმა თავი გაიმართლა და ისევ ძველ ადგილს დაუბრუნდა.
– მოკლედ ეხლა შენი მობილურით დემიენს დაურეკავ, მოიკითხავ, ჩვეულებრივად დაელაპარაკები და ცოტახანში გამოუტყდები, რომ რაღაც სათხოვარი გაქვს. – ეიდენმა მითხრა და დემიენის სახელის ხსენებამ კიდევ უფრო დამიბინდა გონება.
– წინააღმდეგ შემთხვევაში პატარა ქეროლაინი ვეღარ აღნიშნავს მე19 დაბადებისდღეს. – შავგვრემანი მომიახლოვდა და იარაღი თვალებთან მომიტანა. როგორც ჩანს ყველანაირ ინფორმაციას ფლობდნენ ჩემზე, რადგან კარგად მახსოვდა, რომ ეიდენს კლუბში ჩემი ნამდვილი ასაკი მოვატყუე.
– რა უნდა ვთხოვო? – ეიდენს ვკითხე და თან გულში ვლოცულობდი ოღონდ სიცოცხლე ამ სკამზე დაბმულს არ დამემთავრებინა.
– თხოვ, რომ გადაგარჩინოს, რადგან შენი სიცოცხლე მის ხელშია. როცა ამას ეტყვი ტელეფონს მე გამოგართმევ და დანარჩენს შენთვითონაც გაიგებ. ხომ ძალიან მარტივია? – ეიდენმა ცივი გამომეტყველებით მომმართა მე კი თავი დავუქნიე.
ამის შემდეგ ეიდენმა თავისი ჯიბიდან ჩემი ტელეფონი ამოიღო და სანამ დემიენის ნომერს აკრიფავდა ჩემდა გასაკვირად მის უკან მდგომ ორ უცნობს შეუტრიალდა და უთხრა:
– შეგიძლიათ ცოტახნით დაგვტოვოთ, ხალხმრავლობაში უფრო დაიძაბება და არაბუნებრივად დაელაპარაკება დემიენს, მემგონი ეს არ გვაწყობს ხომ? – დანარჩენები ეიდენს დაეთანხმნენ და უთხრეს, რომ მეორე ოთახში დაელოდებოდნენ. არ ვიცი რატომ, მაგრამ როგორც კი ორი უცნობი მამაკაცი ოთახიდან გაუჩინარდა შედარებით უფრო დავმშვიდდი. რამდენიმე წამი გავიდა, ირგვლივ სიჩუმემ დაისადგურა და ვერ ვხვდებოდი რატომ წელავდა ეიდენი ამ მომენტს. უბრალოდ ჩემ წინ იჯდა და თვალებში მიყურებდა.მიუხედავად მისი საქციელისა შიგნიდან რაღაც ძალა მკარნახობდა, რომ ერთადერთი ადამიანი ვისაც ჩემი დახმარება შეეძლო სწორედ ის იყო.
– ძალიან გთხოვ…- ხმა ამიკანკალდა და წინადადება ვერ დავასრულე, ხელები მტკიოდა ამდენ ხანს ზურგს უკან რომ მქონდა შეკრული და იმდენად შეშინებული ვიყავი საღად უკვე ვეღარ ვაზროვნებდი.
– ქეროლაინ, კარგად მომისმინე, რადგან ძალიან ცოტა დრო გვაქვს. – სკამი კიდევ უფრო ახლოს მოწია და ძალიან ჩუმად მითხრა ეს სიტყვები.
როგორც ხედავთ სიტუაცია უფრო დაიძაბა :)) იმედია მოგეწონებათ ახალი თავი და თუ გაგრძელება გაინტერესებთ არ დაგავიწყდეთ Vote & Comment <3
P.S თქვენი აზრით, რას ეტყვის ეიდენი ქეროლაინს ? 🙂
[text_hash] => f0530ca6
)