დაკავშირებული – თავი 35. სიურპრიზი
// qc

დაკავშირებული - თავი 35. სიურპრიზი

Array
(
[text] =>

საწოლში თბილად ვიწექი და ვტკბებოდი იმ ბედნიერებით, რომელსაც შაბათი დილა ჰქვია. ვიცოდი დღეს არანაირი საქმე არ მქონდა გასაკეთებელი და შემეძლო მთელი დღე ყოველგვარი მოვალეობის შესრულების გარეშე გამეტარებინა. დემიენი, ალბათ, უკვე აეროპორტში იქნებოდა. ყოველ შემთხვევაში, როცა გავიღვიძებდი ვიცოდი, მისი სატელეფონო ზარით არ შევეგებებოდი დილას. ვაღიარებ გული მწყდებოდა, რომ ერთი კვირა ვერ ვნახავდი, მაგრამ გუშინდელი დღით კმაყოფილს ნერვიულობის გრძნობა აღარ მეუფლებოდა, როცა დემიენის გვერდით სარას წარმოვიდგენდი. ვიცოდი, სოფი დილიდან სამსახურში იქნებოდა და ამიტომ ვერანაირი ხმა ვერ დააფრთხობდა ჩემს ძილს.

მაგრამ არსებობს ერთი ადამიანი, რომელიც ნებისმიერ დღეს დილის 9 საათიდან იწყებს და მოურიდებლად აკაკუნებს ჩემი სახლის კარებზე. ეს ადამიანი, რა თქმა უნდა, რომ რაილია, რომელიც იმ შემთხვევაში მოდის შაბათი დღის დილის საათებში ჩემთან, როცა რაიმე განსაკუთრებული ხდება ან რჩევა სჭირდება.

სანამ სიზმარში დემიენი თავის სახეს ახლოს მომიტანდა და ჩემს ტუჩებს დაეწაფებოდა, მოულოდნელად კარებზე ბრახუნის ხმამ გამომაფხიზლა. ჯერ ცალი თვალი გავახილე, მერე ორივე და გაბრაზებულმა სახე ხელით მოვისრისე. პირველ რიგში ძალიან კარგი სიზმარი შემაწყვეტინეს, რომელიც მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში არ ახდებოდა, მეორე რიგში კი ჩემი გეგმის გათვალისწინებით შუადღის სამ საათამდე არანაირად არ ვაპირებდი გაღვიძებას. როცა კარებზე ბრახუნი არ გაჩერდა, სხვა გზა არ მქონდა, ხალათი შემოვიცვი და ბარბაცით კარებს მივუახლოვდი. ალბათ, ისევ სიზმარში მეგონებოდა თავი მარტო მე რომ მენახა ის სანახაობა, რომელიც ჩემს თვალწინ გადაიშალა. კარების სახელური ჩამოვწიე თუ არა რაილის გაოგნებული და ამავდროულად გაბრწყინებული სახე დავინახე. რაილი ჩუმად იდგა და უბრალოდ სახეზე მაკვირდებოდა. ჩემმა რეაქციამაც არ დააყოვნა და როგორც კი მზერა რაილის სახიდან ჩემი სახლის ზღურბლზე გადავიტანე ერთდროულად ათასი ემოცია მომაწვა. უამრავი ულამაზესი ყვავილით იყო მორთული მთელი ბილიკი, რომელიც ჩემს კარებამდე მოდიოდა. სხვადასხვა ფერის ვარდის თაიგულები ეწყო ძირს და იმაზე მეტი შოკოლადი და ტკბილეულობა ვიდრე სიზმარში წარმოვიდგენდი. თვალებდაჭყეტილმა ისევ რაილის შევხედე, რომელსაც ეხლა უკვე ეცინებოდა და იმ გემრიელ შოკოლადს მიირთმევდა, რომელიც ჩემთვის იყო განკუთვნილი.

–         ესე ძალიანაც თუ უყვარდი არ მეგონა. – ლუკმა გავსებული პირით წარმოთქვა ეს სიტყვები რაილიმ და ხელში პატარა ბარათი მომაწოდა. მეც სწრაფად გამოვტაცე და მისი კითხვა დავიწყე. ბარათში დემიენის ხელით დაწერილი წერილი იყო, რომელშიც შემდეგი სიტყვები ეწერა :

„ვიცი როგორც გიყვარს შოკოლადები და მინდა ჩემი არყოფნის პერიოდში ყოველი დღე ტკბილად და ბედნიერად დაიწყო. არ მეხერხება წერილების წერა და არც სიურპრიზების კეთება, მაგრამ მინდა იცოდე, რომ სადაც არ უნდა ვიყო პირველი ფიქრი, რომელიც თავში მებადება, შენ გიკავშირდება. მიყვარხარ  იმაზე მეტად ვიდრე  წარმოგიდგენია და ეცადე უჩემოდ არ მოიწყინო 😉 „

ეს ტექსტი ვინ იცის კიდევ რამდენჯერ გადავიკითხე, თვალზე ცრემლებიც მომადგა და ვცდილობდი ამხელა ბედნიერებას როგორმე გავმკლავებოდი. შეიძლება ვიღაცისთვის დიდი მნიშვნელობა არ ჰქონოდა ამ საჩუქარს, მაგრამ ჩემთვის იმდენად ძვირფასი იყო ეს ყველაფერი, რომ ენით ვერ შევძლებ აღწერას თუ რამხელა ბედნიერებას ვგრძნობდი. თვალები დავხუჭე და გამეცინა, როცა წარმოვიდგინე დემიენი ღამე ჩუმად როგორ ალაგებდა ასობით ყვავილს და შოკოლადს ჩემს კარებთან ისე, რომ მე წარმოდგენაც არ მქონდა ამის შესახებ.

–         სახლში შევიტანოთ ესენი ჯობია, თორემ ის კრეტინი სტივი მოგპარავს შოკოლადებს.- ფიქრებიდან რაილიმ გამომაფხიზლა. სტივი ჩემი მეზობელი იყო, პატარა და ცელქი ბიჭი, რომელიც ზედმეტი აგრესიულობით გამოირჩეოდა და ყველაფერს აზიანებდა. მახსოვს ერთხელ ეზოში ბურთის თამაშის დროს ჩვენი ფანჯარა ჩაამტვრია, სოფი კი ისეთი გაბრაზებული არასდროს მინახავს, როგორც იმ დღეს.

რაილისთან ერთად რამდენ შოკოლადსა და ტბილეულობასაც მოვერიე სახლში შემოვიტანე. სახიდან ღიმილი არ მშორდებოდა და დემიენის გარდა სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობდი. ისიც დამავიწყდა, რომ შაბათი იყო, რომ მეძინებოდა და რომ რაილი გაურკვეველი მიზეზის გამო ჩემი სახლის კარებთან დილის 10 საათზე აღმოჩნდა.

–         ალბათ, მკითხავ რატომ მოვედი. – რაილიმ ღრმად ამოისუნთქა, ერთი შოკოლადი კიდევ გახსნა და ეხლა უკვე მოწყენილი სახით დივანზე მძიმედ ჩამოჯდა.

–         კი, გკითხავ. – ისევ სულელური ღიმილი აღმბეჭდვოდა სახეზე და როცა მივხვდი, რომ რაილი ცუდ ხასიათზე იყო, დროებით ემოციები გვერდზე გადავდე და რაილის მივუჯექი.

–         რა მოხდა რაილს? – ხელი დავადე და რაილიმ სევდიანი და აცრემლებული თვალები მომაპყრო.

–         მე და სკოტი დავშორდით.

–         შენ და სკოტი რა? – ვიმედოვნებდი, რომ რაილის სიტყვები მომესმა.

–         დავშორდით.. – თვალები ძირს დახარა და შოკოლადი მაგიდაზე დადო.

–         რაილს, ძალიან ვწუხვარ… მომიყევი რა მოხდა..

–         ყველაფერი ისე კარგად იყო.. იმდენად კარგად, რომ… – რაილის შუა ლაპარაკში ხმა გაებზარა და ვეღარ დაასრულა წინადადება ისე დაიღვარა ცრემლებად. მაშინვე ხელები მოვხვიე და მაგრად ჩავიკარი გულში. ჩემი საუკეთესო მეგობრის ესეთ მდგომარეობაში დანახვა გულს მიკლავდა და იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ რაილის ცრემლების გამომწვევი მიზეზი მეორე ჩემი საუკეთესო მეგობარი გახლდათ, კიდევ უფრო ართულებდა სიტუაციას.

–         რაილს…მოდი ცხელ ჩაის დაგალევინებ და მერე მომიყევი ყველაფერი კარგი? – თვალებიდან ცრემლები მოვწმინდე, რაილიმ თავი დამიქნია და მე სამზარეულოსკენ გადავინაცვლე. წარმოდგენაც არ მინდოდა რამხელა ტკივილს ვიგრძნობდი დემიენთან ურთიერთობა რომ დამესრულებინა. იმედი მქონდა, რომ ყველაფერი მოგვარდებოდა და რაილი რაიმე სულელურ მიზეზს დაასახელებდა, რის გამოც სკოტმა გაუცრუა იმედები.

ჩაის ჭიქით ხელში ისევ რაილისთან გადავინაცვლე, რომელიც უკვე ცოტა დამშვიდებულიყო.

–         ამის სათქმელად მოვდიოდი და სანამ შენ სახლს მოვუახლოვდებოდი იმდენ თაიგულს მოვკარი თვალი ვიფიქრე პანაშვიდი ხო არ არისთქო. – რაილის გაეცინა და მეც ავყევი სიცილში.

–         არა ვხუმრობ, ძალიან კარგი ბიჭი ჩანს დემიენი და გაუფრთხილდი ქერ. – ისევ დასერიოზულდა რაილი და მარტივი შესამჩნევი იყო როგორ უჭირდა ემოიცების მოთოკვა.

–         თუ გინდა ძირითადი ამბავი მომიყევი, არ მინდა უფრო ცუდ ხასიათზე დადგე დეტალების გახსენებით… – ვცდილობდი მისთვის როგორმე სიტუაციის შემსუბუქებას, მაგრამ არ ვიცოდი რამდენად გამომივიდოდა ეს.

–         ვიცი მეტყვი შენი ბრალიაო, მაგრამ რა ვქნა სხვა გზა არ მქონდა.. მოკლედ შენც კარგად იცი სკოტს როგორ უყვარს კალათბურთი.. მთელ სულს და გულს მაგაში დებს და, ცხადია, მეც ბოლომდე მხარს ვუჭერ მას აბსოლიტურად ყველაფერში. გამუდმებით ვარჯიშებსაც როგორღაც ვეგუებოდი და იმასაც, თუ რამხელა ადგილი ეკავა ამ სპორტს სკოტის ცხოვრებაში.. უბრალოდ, ისე, რომ არასდროს უხსენებია ჩემთან, ორი დღის წინ გავიგე, რომ საცხოვრებლად სხვაგან გადადის. – რაილის ისევ აუცრემლიანდა თვალები, ხელები მოვხვიე და მის დამშვიდებას ვცდილობდი. გული მტკიოდა, რომ მის დასახმარებლად ვერაფერს ვშვებოდი.

–         სხვაგან გადასვლაში სხვა ქვეყანას ვგულისხმობ.. იქ უკეთესი პერსპექტივა აქვს, რადგან ნაითვილი მისი მიზნების განხორციელებისთვის ნამდვილად არ არის საუკეთესო ადგილი. ეგ მეც კარგად ვიცი და ყველაზე მეტად გამიხარდება თუ წარმატებას მიაღწევს, მაგრამ ათასი კილომეტრი როდესაც გაშორებს ადამიანს…არ ვიცი ძალიან რთულია.

–         კი მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ვერასდროს ვეღარ ნახავთ ერთმანეთს.. ყოველ დღე დაურეკავ, მერე სკოტიც ჩამოვა ხოლმე… – ვუთხარი მაგრამ რაილიმ სიტყვა გამაწყვეტინა.

–         მთელი ოჯახით გადადიან იქ, როგორც გავიგე ნაითვილში სახლის გაყიდვასაც გეგმავენ.. ამიტომ არამგონია ჩემ გამო ჩამოვიდეს ხოლმე ქერ. ყველაზე მეტად კი გული იცი რაზე მწყდება? იმაზე, რომ ორი დღის წინ გავიგე ეს ამბავი, სკოტი კი ვინ იცის რამდენი ხანია ფლობს ამ ინფორმაციას… დავიჯერო საერთოდ არ ვუყვარვარ?

–         რა სისულელეს ამბობ რაილს! შენც კარგად იცი როგორც უყვარხარ, უბრალოდ იცოდა გული გეტკინებოდა, ამიტომ ვერ გაგიბედა თქმა.. თვითონ რას ამბობს? – თან ჩაის ჭიქა მივაწოდე, რომ ცოტა დამშვიდებულიყო.

–         თვითონ რას იტყვის.. მითხრა ,რომ  ჩემ გამო ამ შემოთავაზებაზე უარის თქმასა და ნაითვილში მარტო დარჩენაზეც თანახმაა..მერე საერთოდ ისიც შემომთავაზა, ერთად გადავიდეთ საცხოვრებლადო.. მაგრამ არ შემიძლია.

–         მერე? არ დათანხმდი?

–         როგორ დავთანხმდებოდი ქეროლაინ? აქ უნივერსიტეტი მაკავებს, ან საერთოდ ჩემს ოჯახს როგორ ვუთხრა სკოტთან ერთად გადავდივარ საცხოვრებლადთქო, როცა მათ ისიც კი არ იციან, რომ ერთად ვართ.

–         არ იციან? – გავიკვირვე.

–         დედაჩემის ამბავი არ იცი? რომ მეთქვა იმდენს ინერვიულებდა არ მინდოდა სახლში გამოკეტილს გამეტარებინა ყველა დღე.

–         გიყვარს? – უცბად ვკითხე.

–         ყველაზე და ყველაფერზე მეტად. – კვლავ აუცრემლიანდა თვალები.

–         ხოდა მაშინ კარგად მომისმინე. – რაილის ორივე ხელი ჩემს ხელებში მოვაქციე და მისი ყურადღება მივიპყარი – ვიცი შეილება შემეწინააღმდეგო, მაგრამ სკოტის მესმის. წარმოდგინე რა გამოსავალი უნდა ჰქონდეს 19 წლის ბიჭს, რომლის მთელი ოჯახიც საზღვარგარეთ გადადის საცხოვრებლდ. მისი გაპროტესტება ამ საქმეს რომ არ უშველის შენც კარგად იცი. ისიც კარგად იცი როგორ ძალიან უყვარხარ სკოტს და რომ იმ თავის კალათბურთს ასი ათასჯერ ურჩევნიხარ. უბრალოდ ეს ის შემთხვევაა, როცა შენ უნდა დათმო და არა სკოტმა.

–         რას გულისხმობ? – ვერ ხვდებოდა რაილი.

–         იმას ვგულისხმობ, რომ როცა ორ ადამიანს ესე ძალიან უყვარს ერთმანეთი, მხოლოდ სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად გადასვლა ვერ დააშორებს მათ. აქ იყავი, ისწავლე, დაამთავრე უნივერსიტეტი, ამ პერიოდში კი სკოტი იმდენჯერ ჩამოგაკითხავს მის მონატრებასაც ვერ მოასწრებ. ამასობაში სკოტიც თავის გზას გაიკვალავს, წარმატებას მიაღწევს, შენ შენს კარიერას მიხედავ და როცა ორივე ჩამოყალიბებულები იქნებით ერთადაც იცხოვრებთ და უკვე მშვიდად დაგეგმავთ თქვენს ბედნიერ მომავალს.

–         არ ვიცი..სათქმელად ძალიან მარტივად ჟღერს.

–         ვიცი რაილს და იმას არ გეუბნები, რომ მარტივი იქნება ეს ყველაფერი. მაგრამ მინდა, რომ კარგად დაფიქრდე და ყველანაირი მხრიდან შეხედო ამ სიტუაციას. ბედნიერება ძნელი მოსაპოვებელია, მისი შენარჩუნება კი კიდევ უფრო ძნელი, ამიტომ მაქსიმალურად იბრძოლე თქვენი ბედნიერების შენარჩუნებისთვის და ამდენი არასდროს აღარ იტირო, კარგი?- ეს სიტყვები ვუთხარი და რაილი ჩამეხუტა.

–         არ ვიცი რითი დავიმსახურე შენი სახით ესეთი კარგი მეგობარი რომ მყავს. გამოსავალს მაშინაც ხედავ, როცა არ არსებობს. ალბათ, ამიტომ ვარ ყველაზე მშვიდად შენ გვერდით, ქერ.

–         გამოსავალი ყოველთვის არსებობს რაილს, შენ კი იმდენად კარგი ადამიანი ხარ დამიჯერე , ჩემი მეგობრობის გარდა კიდევ გაცილებით მეტს იმსახურებ ამ ცხოვრებაში.

–         მიყვარხარ და ცუდია, რომ ხშირად არ გეუბნები ხოლმე ამ სიტყვას.- რაილის ჩაეცინა.

–         ხანდახან არც არის სიტყვები საჭირო, როცა ამას საქციელი ამტკიცებს. – ვუთხარი და გავუღიმე.

–         მართალი ხარ.

ესე ჩუმად ცოტახანს კიდევ ვისხედით მე და რაილი. თან პარალელურად ტვინში ფიქრებს ვაწყობდი იმის შესახებ, თუ როგორ დაველაპარაკებოდი სკოტს,რომელსაც ეხლა ნამდვილად დასჭირდებოდა ჩემი რჩევა რაილისთან ურთიერთობის შენარჩუნებისთვის. ფიქრებიდან ჩემი ტელეფონის ვიბრაციამ გამომაფხიზლა. მობილური ხალათის ჯიბიდან ამოვიღე და სანამ ეკრანს დავხედავდი, გავიფიქრე, ალბათ, დემიენი იქნება, რომელიც შემატყობინებს, რომ კარგად იმგზავრა და მშვიდობით ჩაფრინდათქო. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩემი ფიქრები არ გამართლდა და მესიჯის ადრესანტი არც მეტი არც ნაკლები ეიდენი იყო.

პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმათ, ვინც დღემდე კითხულობთ ჩემს ნამუშევარს და იმედი მაქვს, რომ ახალი თავიც მოგეწონებათ. 🙂 <3 გამოცდებს მოვრჩი და დღეიდან ხშირად ავტვირთავ ხოლმე. 🙂 ასევე ძალიან გამიხარდება თუ თქვენს აზრს დააფიქსირებთ, ამიტომ არ დაგავიწყდეთ Vote & Comment <3

[text_hash] => b5e781d3
)

//qc
//QC2