Array
(
[text] =>
ქუჩაში სეირნობა ყოველთვის მიყვარდა… განსაკუთრებით ისეთ ქალაქში, როგორიც ნაითვილია. მიდიხარ და გზაში იმდენი ადამიანის სახეს ხედავ, მხოლოდ მაშინ აანალიზებ, თუ რამხელაა სამყარო, თუ რამდენი განსხვავებული ადამიანი ცხოვრობს შენ ირგვლივ და თუ რამდენი სხვადასხვა ფიქრი, ოცნება, ბედნიერება, თუ ტრაგედია ირევა ერთმანეთში. ზოგადად, ადამიანის სახეების დამახსოვრება რთულია, როდესაც დღის განმავლობაში ათასობით სახეს ხვდები; თუმცა ადამიანის ტვინი ისეა მოწყობილი, რომ 1000 სახიდან ჩვენ მხოლოდ განსაკუთრებულებს ვიმახსოვრებთ; ისეთებს, რომლებიც რაღაცით მაინც გამოირჩევიან სხვა დანარჩენისგან.
ყურსასმენები მეკეთა და მუსიკის სასიამოვნო ჰანგებით დამტკბარი, მშვიდად მივაბიჯებდი ნაითვილის ქუჩებში ჩემი ბედის საძებნელად..
სამწუხაროდ, იმედი უნდა გაგიცრუოთ, რადგან 2 საათიანი სიარულის შემდეგ, ზუსტად 13 კაფეს, 4 რესტორანსა და 2 ღამის ბარს ვესტუმრე და რა თქმა უნდა, 19-ივე მათგანიდან უარით გამომისტუმრეს.. ზოგი თურმე საერთოდ არ ითხოვდა ახალ თანამშრომელს, იმის მიუხედავად, რომ მათ მიერ იყო ვაკანსია გამოცხადებული ოფიცილურ საიტზე. ზოგისთვის არაკვალიფიციური თანამშრომელი ვიყავი, რომელსაც გამოცდილება საერთოდ არ გააჩნდა, რაც ცოტა არ იყოს გამიკვირდა, არ მეგონა მიმტანი თუ განსაკუთრებული უნარჩვევებითა და კვალიფიციურობით უნდა გამორჩეულიყო; ზოგისთვის კი უბრალო თინეიჯერი ვიყავი, რომელსაც მუშაობის პარალელურ რეჟიმში სწავლა ხელს შეუშლიდა და იმის ალბათობაც დიდი იყო, რომ პოტენციური შეყვარებულის გამოჩენა სამუშაო პოსტის დაკავებას გადამაწყვეტინებდა, რაც ჩემთან, როგორც არასტაბილურ მიმტანთან თანამშრომლობას გულისხმობდა. მოკლედ, ჩემს ცხოვრებისეულ უიღბლობას კიდევ ერთი უიღბლო დაბადების დღეც შეემატა. საათს დავხედე, 4-ის ნახევარი იყო, ამდენი სიარულისგან კი ფეხსაცმელმა იმდენად მატკინა ფეხები ცოტაც და იქვე წავიქცეოდი..
ის იყო სახლში ვაპირებდი წასვლას, როცა ქუჩის მოპირდაპირე მხარეს დიდ და ძალიან ლამაზ რესტორანს სახელად „ოქროს ვარსკვლავს” მოვკარი თვალი. იმდენად კონტრასტული იყო თბილი განათებებითა და ეგზოტიკური ყვავილებით მორთული რესტორანის შესასვლელი თებერვლის ცივ,თოვლიან ამინდთან შედარებით, რომ აუცილებლად უბიძგებდა ადამიანს იქ შესვლას. დიდი თეთრი ფანჯრები იატაკიდანვე იწყებოდა და სადღაც უსასრულობას უერთდებოდა, განიერი მარმარილოს წითელ ხალიჩიანი კიბე კარგად მოჩანდა შორეული მანძილიდანაც. თვალი ავაყოლე რესტორნის მეორე სართულს და ცოტა ხანი კიდევ განვაგრძე ტკბობა ჩემ წინ გადაშლილი ლამაზი ხედით. ნეტავ, მქონდეს იმდენის საშუალება, რომ თუნდაც ერთი პატარა ნამცხვრის ჭამა და გემრიელი, ცხელი, მწვანე ჩაის დალევა შემეძლოს; ნეტავ, შემეძლოს მეც იმ ლამაზი ქალბატონივით წითელ კაბაში გამოწყობა, რომელიც რესტორნის მეორე სართულზე თავის საქმროსთან, შეყვარებულთან, თუ უბრალო ბიზნეს პარტნიორთან, ერთად ყავას სვამდა.
მალე მივხვდი, რომ ჩემი რამდენიმე წამიანი ოცნება რეალობად ვერ გადაიქცეოდა და ერთადერთი, რაც ოდნავ მაინც იქნებოდა მიახლოვებული ამ მიუწვდომელ ოცნებასთან, ამ რესტორანში სამსახურის შოვნა იყო.
ღრმად ჩავისუნთქე, ამოვისუნთქე და რესტორნის მიმართულებით სვლა დავიწყე. შესასვლელთან ორი ახოვანი დაცვა იდგა, რომლებიც სადღაც შორს იყურებოდნენ. არც მომაქციეს ყურადღება ისე შევაღე კარები, არადა, მეგონა, მათ ფუნქციას სწორედ კლიენტებისთვის კარების გაღება წარმოადგენდა. შეიძლება ჩემი ჩაცმულობიდან გამომდინარე მიხვდნენ, რომ ესეთი ფეშენებელური რესტორნის რეგულარულ და მისაღებ კლიენტს ნამდვილად არ წარმოვადგენდი. კიდევ ერთხელ მოვავლე თვალი ულამაზეს დარბაზს, რომელიც ჩემ თვალწინ იშლებოდა, მერე ჩემს შარვალს და ფეხსაცმელს დავხედე და მივხვდი, რომ აქ შემოსვლისთანავე კიდევ უფრო ქვემოთ დაეცა ჩემი თავდაჯერებულობა.
კიბეებთან ახლოს, კუთხეში შავი მაღალი მაგიდა იდგა, რომელზეც რესტორნის ლამაზ ფორმაში გამოწყობილი ქერა ქალბატონი იჯდა. მისი თავდაჯერებული ქცევებიდან გამომდინარე, შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ მას კომპანიაში მნიშვნელოვანი თანამდებობა ეკავა. ძალა მოვიკრიბე და პატარა დაკარგული ბავშვივით მივუახლოვდი ქერა ქალბატონს.
-გამარჯობა, მაინტერესებს არის თუ არა რაიმე ვაკანსია გამოცხადებული მიმტანად მუშაობაზე. – იმედიანი თვალებით შევხედე ქერა გოგონას, რომელიც ოდნავ წინ წამოიწია და შუბლიდან დაწყებული ფეხებამდე ამათვარიელ-დამათვარიელა.
-არა შენთვის არამგონია რაიმე ვაკანსია გვქონდეს. – ცალი წარბი ამიწია და ყალბი, მიწეპებული წამწამებით და უშინაარსო სერი თვალებით ირონიულად მომაშტერდა.
-გთხოვთ, იქნებ შეამოწმოთ კარგად. ნებისმიერი სახის სამუშაოს დავთანხმდები. იქნებ დამლაგებელი გჭირდებათ, ან… არვიცი, არ აქვს მნიშ…
-საყვარელო, როგორც უკვე გითხარი, არ გვჭირდება ახალი თანამშრომელი; მითუმეტეს შენნაირი, რომელსაც არანაირი შეხება არ ჰქონია ელიტასთან.
ამაზე ცოტა ჩამეცინა, კარგად მივხვდი ჩემს იაფფასიან ტანისამოსს როგორ დასცინოდა „მისის ვერსაჩე”.
-ელიტასთან ურთიერთობას არამგონია რაიმე კავშირი ჰქონდეს მიმტანის საქმიანობასთან. გთხოვთ, შანსი მომეცით და თუ იმედებს გაგიცრუვებთ, მაშინვე დავტოვებ თქვენს „ელიტურ” რესტორანს.
-ესეთი ჩაცმულობით ჩვენთან ნამდვილად არ მიგიღებენ საყვარელო, უბრალო დროის კარგვაა და მეტი არაფერი. შეგიძლია თავისუფლად დაუბრუნდე შენს წრეს და იქ მონახო შენთვის შესაფერისი სამსახური. – გაბოროტებული, გამარჯვებული და კმაყოფილი მზერით შემომხედა „მისის ვერსაჩემ” და მიხვდა, რომ შეწინააღმდეგებას აღარც გავბედავდი. მივხვდი, რომ ამაზე ცუდი არაფერი მოხდებოდა ჩემს დაბადების დღეზე. ყელში ბურთი გამეჩხირა, ძალიან დამცირებულად და განადგურებულად ვიგრძენი თავი. ქერა გოგონამ საბოლოოდ გადამიწურა ყველანაირი იმედი.. სანამ, ბოხი, ხრინწიანი ხმა არ მომესმა ჩემს ზურგს უკან.
-ვერონიკა, დარწმუნებული ვარ, შესაძლებელია რაიმე სამუშაო მოვძებნოთ ამ გოგონასთვის.
-კი მაგრამ მისტერ ლუკას…
-ვერონიკა, ნუ მეწინააღმდეგები – ჩემ უკან მოლაპარაკე ბოხი ხმა კიდევ უფრო დაიძაბა.
p.s vote/comment 🙂 <3
[text_hash] => ba582eab
)