დაკავშირებული – ეპილოგი – novelfull.online
// qc

დაკავშირებული - ეპილოგი

Array
(
[text] =>

 დღეს 28 თებერვალია, ზამთრის ბოლო და ჩემი დაბადების დღე. სამწუხაროა, რომ რეალურად ჩემს დაბადების დღეს მხოლოდ 4 წელიწადში ერთხელ აღვნიშნავ, რადგან სინამდვილეში 29 თებერვალს მოვევლინე ამ უკიდეგანო სამყაროს.

დღეს 24 წლის გავხდი.. მე კი ჯერ იმასაც ვერ შევეგუე, რომ ჩემს ასაკში 4 წლის წინ ორიანი გამოჩნდა. 20 წლის გავხდი და ამ ასაკმა მთლიანად გამომგლიჯა თინეიჯერობა ხელიდან, მე კი ვერაფერს ვაკეთებდი საიმისოდ, რომ ბავშობა შემენარჩუნებინა.

არ ვიცი წლების მატება მაშინებდა, ბუნდოვანი მომავალი თუ…ის ფაქტი, რომ ჩემი ცხოვრების ხაზზე ერთმანეთს მიყოლებით ეწყობოდა წლები დემიენის გარეშე…

ცხოვრება ახლა სხვანაირია.. რაღაცნაირად ფერი და გემო შეეცვალა.. მეც შევიცვალე და მთლიანად სამყაროც ჩემ გარშემო…

ნაითვილის დატოვების შემდეგ საკუთარ თავთან ფიცი დავდე, რომ წარსულზე ძალიან ცოტას ან საერთოდ არ ვილაპარაკებდი… ახალი ფურცლიდან დაწყება, ალბათ, ერთადერთი სწორი არჩევანი და შედარებით მარტივი გამოსავალი იქნებოდა ჩემი მდგომარეობიდან.

იმ შემთხვევაში, თუ სიცოცხლის გაგრძელებას დავაპირებდი, მაშინ აუცილებლად უნდა შემესრულებინა ეს ფიცი და საკუთარი თავი გამემხნევებინა.

ფიცი შევასრულე და წარსულზე ძალიან ცოტას ან საერთოდ არ ვლაპარაკობ. გამონაკლისი 28 თებერვალია, ზამთრის ბოლო, ჩემი დაბადებისა და …. დემიენის გაცნობის დღე.

დღე, როცა სრულწლოვანებაში შევაბიჯე, გავრისკე და ვიშოვე პირველი სამსახური, ცხოვრებას სხვა თვალით შევხედე და … ის გავიცანი. ხშირად მსმენია, პირველ სიყვარულს ვერასდროს დაივიწყებო, მე კი ამაში უკვე მე-6 წელია ვრწმუნდები. ნეტავ მხოლოდ დავიწყებაში იყოს საქმე…დავიწყებით, ალბათ, რაღაცნაირად დაივიწყებ, მაგრამ ახალ ადამიანებთან შეხვედრისას, ქვეცნობიერად ყოველთვის იმის მცდელობაში იქნები, რომ ის, რასაც მაშინ მასთან ერთად განიცდიდი, სხვასთანაც განიცადო, მერე ერთმანეთს შეადარო და მიხვდე თუ რომელი ჯობია. შეიძლება ახალი ჯობდეს, უფრო გააზრებული და დალაგებული ურთიერთობა იყოს, მაგრამ… ის ვერასდროს იქნება ისეთი, როგორიც იყო მაშინ… მაშინ როდესაც პირველად გაუსინჯე გემო სიყვარულს, ეიფორიასა და ერთდროულად მოზღვავებულ ათასნაირ ემოციას.

ნაითვილის დატოვების შემდეგ, მხოლოდ რამდენიმე ადამიანი შემორჩა ჩემს ახალ ცხოვრებას. რაილი, სკოტი, დედაჩემი და ბიმი… ჩემი ოთხფეხა მეგობარი, რომელიც მარტო არასდროს მტოვებს და ყოველთვის გვერდში მიდგას…მისი არსებობა მოტივაციას მაძლევს და როცა სამსახურიდან დაღლილი ჩემს ახალ სახლში მარტო ვბრუნდები, ბიმის ვეხუტები და ისე ვიძინებ. 

ვიცი მასზე აღარ უნდა ვიფიქრო, უკვე თითქმის 6 წელი გავიდა… 6 წელი მარტოობის და რამდენად უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს – ძლიერების. არ მეგონა, რომ ქეროლაინი ასეთი ძლიერი იყო. ალბათ, ვერც ვერასდროს იქნებოდა, ის ყველაფერი რომ არ გამოევლო, რაც გამოიარა. მაგრამ…ამ ძლიერების, საცხოვრებლის გამოცვლისა და ახალი ცხოვრების დაწყების მიუხედავად, თითქმის ყოველ ღამე, ძილის წინ ლურჯ-მწვანე თვალებს ვხედავ…ხანდახან სახე ბუნდივანია, მისი სხეულიც, მაგრამ თვალები, რომელმაც ცხოვრება შემაყვარა, არასდროს დამავიწყდება. ამ თვალებში მე მთელს სამყაროს ვხედავდი მაშინ, სიზმარში მათი დანახვა კი ერთდროულად ყველაზე დიდი სიამოვნებისა და ყველაზე დიდი ტკივილის მომგვრელია.

თუ ღამე გამეღვიძება, ის ფაქტი არ მიკვირს, რომ პირველი ცრემლებით დასველებულ ბალიშს ვგრძნობ. ცრემლები არ მაშინებს, არც ტკივილი, რადგან ვიცი, რომ თუ ეს 6 წელი მშვიდობით გამოვიარე, მაშინ ყველაფერს შევძლებ… ვიცი, რომ ქეროლაინი შეუძლებელს შეძლებს და ეს ფაქტი მახარებს.

ვერ ვიტყვი, რომ უბედური ვარ..ყველაფრის მიუხედავად ცხოვრება მიყვარს და პატარა დეტალებში ვცდილობ ბედნიერების პოვნას. რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი.

ჩემი სამსახური მიყვარს, ჩემი კოლეგებიც, მოგზაურობაც და ბევრი სიცილიც. მზიანი ამინდი, გემრიელი ყავა, პარკებში სეირნობა და კარგი წიგნების კითხვა… როგორ შეიძლება ეს ყველაფერი არ გიყვარდეს და ბედნიერებას არ გგვრიდეს ყველაზე უბედურ ადამიანსაც კი? ამიტომ ვფიქრობ, უბედური არავინაა. უბედურება და ბედიერება ჩვენი არჩევანია, მე კი სუიციდის მცდელობის შემდეგ მივხვდი, რომ ბედნიერება ავირჩიე. ესეიგი ცხოვრება, რომელიც თავისთავად ბედნიერებას ნიშნავს, არა? … დემიენმა რა აირჩია….ეს  არ ვიცი.

ცრემლებით დასველებული ბალიშის ერთერთი მთავარი მიზეზი სწორედ ეს არის. არ ვიცი. საერთოდ არაფერი აღარ ვიცი დემიენის შესახებ. ნეტავ როგორია, ან საერთოდ რას აკეთებს ახლა… მასაც ვახსოვარ? მასაც ტკივა ჩემნაირად? იქნებ უარესად…მინდოდა ერთხელ მაინც მომეკრა თვალი მისთვის.. მინდოდა უბრალოდ მცოდნოდა, რომ კარგად და ჯანმრთელად იყო.. რომ მანაც აირჩია ბედნიერება და მაშასადამე ცხოვრება…ალბათ, ასე უფრო მშვიდად ვიქნებოდი.

ნაითვილში მას შემდეგ მხოლოდ ორჯერ მომიწია ჩასვლა. დედაჩემს ერთი წელი არ ველაპარაკებოდი… უბრალოდ ვატყობინებდი, რომ ცოცხალი ვიყავი და რომ არაფერი მიჭირდა. სოფიზე ძალიან გაბრაზებული ვიყავი და ვიცოდი, რომ მხოლოდ საკუთარ თავთან მარტო დარჩენა გადამატანინებდა ამ ჯოჯოხეთურ წელს. მაგრამ როცა მივხვდი, რომ ისედაც საკმარისი დანაკარგი განვიცადე ცხოვრების ამ მოკლე პერიოდში, დედაჩემს დავურეკე და ბოდიში მოვუხადე მისი ამდენხნიანი დაიგნორების გამო… ამის შემდეგ ნაითვილს ერთხელ დედაჩემთან სტუმრობის გამო ვეწვიე, მეორეჯერ ჩასვლა კი სოფისთან ერთად სხვა ქვეყანაში სახცხოვრებლად გამომგზავრებით დასრულდა. ვიცოდი, ნაითვილში არასდროს აღარ ჩავიდოდი, დედაჩემთან სამუდამოდ დამშვიდობებას კი ნამდვილად ვერ გადავიტანდი…

ურთიერთობის დაწყება რამდენჯერმე ვცადე, მაგრამ არცერთხელ გამომივიდა. მერე კი მივხვდი, რომ ეს დავალებასავით შესასრულებელი სავალდებულო ამოცანა არ იყო. მივხვდი, რომ პირველ რიგში საკუთარი თავი უნდა მიმეღო ისეთი, როგორიც ვიყავი. ანუ განადგურებული…თუ შეკეთებას შევძლებდი, ამ შემთხვევაში შეიძლება სიყვარულის არსებობა კიდევ ერთხელ დამეჯერებინა.

24-ე დაბადების დღის აღნიშვნა კვლავ რაილის იდეა იყო. რაილისა და სკოტის, რომლებიც უკვე 2 წელია ერთად ნიუ-იორკში ცხოვრობენ. ბილეთები ფოსტით გამომიგზავნეს და ღიმილი სახეზე ვერ დავმალე, როცა გავიაზრე, რომ ჩემს ორ უსაყვარლესსა და უმნიშვნელოვანეს ადამიანთან ერთად გავატარებდი ამ დღეს.

ჩემოდანი ჩავალაგე და მომდევნო მოგზაურობისთვის გავემზადე. სამსახურში შვებულება ავიღე და ცხოვრებისეულ ვალდებულებებს ცოტახნით ხელი დავუქნიე. 

თვითმფრინავში სავარძელზე გემრიელად მოვკალათდი, ყურსასმენები გავიკეთე და გავემზადე ნიუ-იორკისკენ გასამგზავრებლად. უცნაური შეგრძნება დამეუფლა, ერთ ადგილას ვერ ვისვენებდი და რაღაცაზე უმიზეზოდ ვნერვიულობდი. ამის მიუხედავად ფრენამ მშვიდობით ჩაიარა და მეც ნიუ-იორკის მიწაზე დავდგი ფეხი.

ბარგი ავიღე და რაილისა და სკოტის მოლოდინში აეროპორტის გრძელ, არაკომფორტულ სკამზე ჩამოვჯექი. ტელეფონში უაზრო ძრომიალის შემდეგ, ორი წამით მზერა ჩემ გარშემო გადავიტანე და სუნთქვა შემეკრა… აღარ მახსოვდა ასეთი მძაფრი ემოციებისთვის ადგილი კიდევ იყო თუ არა დარჩენილი ჩემში, მაგრამ,  როდესაც ახალგაზრდა ბიჭის სხეულს შორიდან თვალი მოვკარი, თავბრუ დამეხვა და ხელის გულები გამიოფლიანდა. ეს შეგრძნება ნაცნობი, ძალიან ნაცნობი იყო.. ახალგაზრდა ბიჭის ზურგს ვხედავდი მხოლოდ… მოკლედ შეჭრილი თმები ჰქონდა, მაგრამ მისი ახოვანი სხეულის დანახვაც საკმარისი იყო იმისთვის, რომ მიმხვდარიყავი… ჩემ წინ დემიენ ლუკასი იდგა.

შავ ფერებში გამოწყობილი, კვლავ მისთვის ჩვეულ საქმიან ფორმაში.. ჩემი ვარაუდი დადასტურდა, როდესაც სანახევროდ შემოტრიალდა და მის პროფილს შორიდან მოვკარი თვალი. სავარაუდოდ, თანამშრომლებთან ერთად იყო, რადგან გარს რამდენიმე მამაკაცი ერტყა. რაღაცაზე ლაპარაკობდნენ და ჩემოდნებთან ერთად ნელნელა გასასვლელისკენ სვლა დაიწყეს.

ჩემი არსებობა საერთოდ დამავიწყდა, მეგონა სამყარო გაჩერდა, სისხლი გამეყინა და რომ სიკვდილს ჩავხედე თვალებში. ვერ ვიჯერებდი, რომ ჩემს დაბადების დღეზე, უზარმაზარ აეროპორტში დემიენს ვხედავდი.. მოშორებით, მაგრამ მაინც ვხედავდი.. არ ვიცი მომეჩვენა თუ არა, მაგრამ სანამ საბოლოოდ თვალს მიეფარებოდა, ჩემს მხარეს გამოიხედა..

მაშინვე გვერდზე გავიხედე იმის შიშით, რომ შემამჩნევდა.. რამდენიმე წამში კი კვლავ დემიენის მხარეს გავიხედე, მაგრამ ის იქ უკვე აღარ იყო…

ტელეფონმა უცბად ხელში ვიბრაცია დაიწყო, მაგრამ ადამიანურად ფუნქციონირებას ვერ ვახერხებდი. რაილი მირეკავდა. ალბათ, სკოტთან ერთად უკვე აეროპორტში იყო და გასასვლელთან მელოდებოდნენ.

როცა უპასუხოდ დარჩენილი მეორე ზარი შემოვიდა ჩემს ტელეფონზე, ძალა მოვიკრიბე და ფეხების კანკალით წამოვდექი… არ ვიცოდი საერთოდ რას ვგრძნობდი ან რას ვფიქრობდი, მაგრამ იმას მივხვდი, რომ დემიენის დანახვა კარგის ნიშანი იყო. იმ დღეს დავრწმუნდი, რომ ჩემსავით მანაც ცხოვრება აირჩია….ჩემი ბედნიერებისთვის კი ეს სრულიად საკმარისი იყო.

თითქოს ღრუბლიანი ცა საბოლოოდ მოიწმინდა, გაურკვეველ და პასუხგაუცემელ კითხვებს პასუხი გაეცათ… მე კი…. მე კი შანსი მომეცა, რომ წარსულს საბოლოოდ დავმშვიდობებოდი.

პირველად ამდენი ხნის შემდეგ იმედი მომეცა იმისა, რომ 24-ე წელი საუკეთესო იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში.

————————————

ახლა კი ნამდვილად საბოლოოდ დავემშვიდობეთ დემიენისა და ქეროლაინის ისტორიას 🙂  იმედი მაქვს, რომ ამ თავით  იმედგაცრუებულებსა და სევდიანებს აღარ დაგტოვებთ… 

კიდევ ერთხელ ძალიან, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ კითხულობდით და რომ ჩემი სიზარმაცის მიუხედავად ასეთი თბილი კომენტარებით მავსებდით <3 

P.S თუ დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ ჩემს ახალდაწყებულ ფიკს “გზა სრულყოფილებისკენ”  გაეცნოთ, რომლის რამდენიმე თავიც უკვე ავტვირთე. 🙂 <3 

[text_hash] => ad46a195
)

//qc
//QC2